ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების
ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით





ერეკლე მაღრაძემ 2006 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით. 2009 წელს კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა სტატისტიკური მეთოდებისა და არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის გამოყენებით გადაწყვეტილების მიმღები სისტემების შექმნა. 2007 წლიდან ის ასევე ჩართული იყო LHC, ATLAS ექსპერიმენტის (CERN) ქართული ჯგუფის მუშაობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან. 2007-2009 წლებში მან ATLAS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფისთვის გამართა განაწილებული გამოთვლითი კლასტერი, რომელიც გამოიყენებოდა ATLAS ექსპერიმენტის სიმულაციური მონაცემების გენერაციის და ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზისთვის, რისი გაკეთებაც ერთ გამოთვლით სერვერზე შეუძლებელი იყო. ის ასევე ჩართული იყო ISTC გრანტის ფარგლებში საქართველოში Tier 3 ცენტრის გამართვის აქტივობაში.
2015 წელს ATLAS ექსპერიმენტის ჯგუფის ფარგლებში მან წარმატებით დაასრულა სადოქტორო პროგრამა გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკის მიმართულებით, გამოთვლითი ფიზიკის განხრით. 2015-დან 2016 წლებში ის მუშაობდა კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის შტაინბუხის გამოთვლით ცენტრში – კერძოდ, ის ჩართული იყო გერმანიის ბადენ-ვურტემბერგის მიწაზე მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების მონაცემთა პოტენციალის შესწავლის პროექტში. პროექტი მიზნად ისახავდა შეესწავლა მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მოგროვებული საწარმოო მონაცემები და დაედგინა, იძლეოდა თუ არა ეს მონაცემები საწარმოო პროცესის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას. ამ პროექტის ფარგლებში იგი აქტიურად მუშაობდა პროგნოზირების, სეგმენტაციისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზში. 2016-დან 2018-წლამდე ის მუშაობდა Recogizer Group GmbH-ში DevOps ჯგუფისა და დიდი მონაცემების ჯგუფების ხელმძღვანელად. ამ კომპანიაში მუშაობის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა მცირე მოწყობილობებიდან სენსორული მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მათი მართვის მეთოდების შემუშავებასა და დანერგვას ლოკალურ ინფრასტრუქტურაზე (კომერციული, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენების გარეშე). ის ასევე ჩართული იყო არამკაფიო სიმრავლეების მიდგომების შემუშავებაში Reinforcment Learning-თან ერთად კომბინაციაში.
2018 წლიდან ერეკლე მაღრაძე შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. 2020 წლიდან ის ასევე ხელმძღვანელობს კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას; არის MaxinAI-ს ინჟინერიის მიმართულების დირექტორი და აქტიურად არის ჩართული მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებების მიწოდების პროცესში სხვადასხვა ინდუსტრიისთვის როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი