პროფესორ-ემერიტუსი
თეორიული ენათმეცნიერების, ზოგადი და ექსპერიმენტული ფონეტიკა-ფონოლოგიის, ქართველური ენების მკვლევარი; დაიბადა 1932 წლის 8 ნოემბერს თბილისში; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიური ენების მიმართულებაზე. 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე აფრიკატიზაციისა და დეზაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში, 1986 წელს – სადოქტორო დისერტაცია ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში. 1958-1996 წლებში მუშაობდა მკვლევრად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენციკლოპედიის განყოფილებებში. 1989 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი; 2006 წელს კი აირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორად; 2011-დან დღემდე ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსია.
განსაკუთრებულია იზაბელა ქობალავას წვლილი ქართული და ქართველური ენების ფონოლოგიური სისტემების კვლევაში; მისი ავტორობით თუ თანაავტორობით შექმნილი მონოგრაფიული ნაშრომები (ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში: თბილისი. მეცნიერება. 1976; გლოტალიზაცია ქართველურ ენებში აკუსტიკური და და ფუნქციონალური თვალსაზრისით (თანაავტორებთან ერთად): თბილისი. უნივერსალი. 2011) თუ ცალკეული პუბლიკაციები (ეიქტივების (გლოტალიზებული ფონემების) ფუნქციონალური თავისებურებები ქართველურ ენებში. 2016; ქართულსა და მეგრულში CVC სტრუქტურის ფონემური მოდელების კვლევის ანალიზი და შესაბამისი დასკვნები ასახულია სხვადასხვა დროს გამოცემულ პუბლიკაციებში) მაღალი სამეცნიერო ღირებულებით გამოირჩევა და დარგისთვის ფუნდამენტური ხასიათის კვლევებს წარმოადგენს.
ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით ფართო სპექტრის ნაშრომია ეკონომიის როლისათვის ენის სისტემასა და განვითარებაში (1988), რომელშიც ავტორი იკვლევს ეკონომიურობის პრინციპებს ენის სისტემურ-სტრუქტურულ ორგანიზებასთან მიმართებით.
ენათმეცნიერების მეტაენის ლექსიკოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი წყაროა მასალები გლოსემატიკურ ლინგვისტურ ტერმინთა ლექსიკონისათვის (1974), რომელშიც იზაბელა ქობალავამ ლ. იელმსლევისა და ჰ. ულდალის შრომებზე დაყრდნობით ცალკეულ სტატიებად აღწერა 306 ტერმინი, რამაც გლოსარიუმს მაღალი სამეცნიერო სანდოობა შესძინა. მოგვიანებით კი მისი ხელმძღვანელობით მომზადდა „ქართული ენა“, პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედია (2008), რომელშიც აისახა ქართული ენის ისტორია, ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარება, ქართველ და უცხოელ მეცნიერ-ქართველოლოგთა მიღწევები.
ბოლო პერიოდში იზაბელა ქობალავას კვლევითი ინტერესი ფოკუსირდება ერთ-ერთი ქართველური ენის, მეგრულის, ფუნქციური და სემანტიკური კატეგორიების სიღრმისეულ შესწავლაზე; ამ მიმართულებით გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაცია ქართველური ენათმეცნიერებისათვის საეტაპო მნიშვნელობის შრომებად ითვლება; მის სახელს უკავშირდება სივრცული მიმართებების გამომხატველი კატეგორიების სტრუქტურული და სემანტიკური კვლევა მეგრულში დასავლურ თუ ამერიკულ თეორიულ და მეთოდოლოგიურ ლიტერატურაზე დაყრდნობით (ულა „სვლა“ ზმნის სემანტიკა მეგრულში. 2015; დროის სემანტიკა მეგრულში. 2015; Semantic Components of Motion Verbs in Megrelian. 2019; სივრცული ზმნისწინები მეგრულში; სივრცული ზმნისართები მეგრულში (ხელნაწერი)); იზაბელა ქობალავას მიერ მეგრულში ასპექტის, კილოს, დროის კატეგორიების განსხვავებულად ინტერპრეტირების შემდგომ გახდა შესაძლებელი ზმნის სტრუქტურაში პერფექტისა და იმპერფექტივის აღმნიშვნელი მარკერების დადგენა და გამოყოფა; ზმნის უღლების პარადიგმის, დრო-კილოთა სისტემის, განსხვავებული სქემის აგება (კავშირებითი კილო მეგრულში. 2001; გე- ზმნისწინის მნიშვნელობისათვის მეგრულში. 2002).
გამოქვეყნებული შრომები
მიმდინარე სალექციო კურსები |
სალექციო კურსების კატალოგი |
---|---|