- კონსტანტინე ვარძელაშვილი 2012 წლიდან არის ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და წლების განმავლობაში უძღვებოდა ლექციებს კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. 2016 წლიდან ასევე უძღვება სამართლის კლინიკის სამაგისტრო კურს.
- 2015 წლიდან კ. ვარძელაშვილი არის მაქს პლანკის შედარებითი კონსტიტუციური სამართლის ენციკლოპედიის (Max Planck Encyclopaedia of Comparative Constitutional Law) მრჩეველთა საბჭოს წევრი. ასევე არის ჟურნალის „საკონსტიტუციო სასამართლოს მიმოხილვა“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
- 2006 – 2016 წლებში კ. ვარძელაშვილი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე; ხოლო 2012-2016 წლებში – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი (2013-2014 წლებში აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ; 2015-16 წლებში კი იყო კომიტეტის მომხსენებელი); 2007 – 2015 წლებში ევროპული კომისიის „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“ (ვენეციის კომისია) შემცვლელი წევრი იყო; 2012 წელს კ. ვარძელაშვილი ასევე გახლდათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს Ad Hoc მოსამართლე (საქმე – ჯაში საქართველოს წინააღმდეგ, application N 10799/06).
- 2004-2006 წლებში კ.ვარძელაშვილი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
- 2008-2016 წლებში კ. ვარძელაშვილი ასევე კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ საზაფხულო სკოლის ფარგლებში კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. 2010 – 2013 წლებში იყო მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში.
- 1998-2004 წლებში კ. ვარძელაშვილი მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში ადამიანის უფლებების დაცვის, იურიდიული განათლებისა და მედიის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელად (1998-1999); იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროგრამის „რეფორმის მხარდაჭერის სააგენტოს“ ანალიტიკური ჯგუფის წევრი (2000-2001); ასევე ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს განვითარებების პროგრამების მენეჯერი, ხელმძღვანელობდა სისხლის სამართლის რეფორმისა და იურიდიული განათლების, საქართველოს პროკურატურის რეფორმის, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ინსტრუმენტების სასწავლო კურსების პროექტებს (2001-2004).
- კონსტანტინე ვარძელაშვილმა დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი (2002); 1994 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი; 1994 წელს მიიღო ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრის (MA) ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ქ. ბუდაპეშტში; 1996-1997 წლებში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ედინბურგის უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტურის კურსის ფარგლებში; 1997 წელს ასევე კითხულობდა ლექციებს ედინბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ნაციონალიზმის შესწავლის საზაფხულო სკოლაში.
სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები
საჯარო სამართალი და პოლიტიკა, კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.